Sunday, June 5, 2011

რელიგიური ექსტრემიზმი – ფანატიკოსებმა წიგნის პრეზენტაცია ჩაშალეს

 წიგნის პრეზენტაცია 25 ოქტომბერს ახალციხის უნივერსიტეტში ჩაიშალა. უნივერსიტეტში მაშინ ექსტრემისტთა ჯგუფი დეკანოზ დავით ისაკაძისა და “წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოების” ლიდერის ავთანდილ უნგიაძის მეთაურობით შეიჭრა და ყვირილითა და პრეზენტაციაზე შეკრებილთა შეურაცხყოფით დარბაზში არეულობა გამოიწვია. პრეზენტაცია არ შედგა, - ამის შესახებინფორმაციას www.religion.ge  ავრცელებდა . 
თავად წიგნი კი  შეეხება სოფელ ივლიტაში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრის კუთვნილების საკითხს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ტაძარი ყოველთვის კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნოდა, დღეს კი საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაშია. წიგნში განხილულია აგრეთვე აქტუალური საღვთისმეტყველო-საზოგადოებრივი პრობლემები. 
27 ნოემბერსაც იგივე განმეორდა საჯარო ბიბლიოთეკის III კორპუსის საკონფერენციო დარბაზში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კათოლიკური ინსტიტუტის “საბა” თანამშრომლები და სტუნდენტები, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი, წიგნის ავტორები ნუგზარ პაპუაშვილი და გაბრიელე ბრაგანტინი, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები. პრეზენტაცია მიჰყავდა ნუგზარ ბარდაველიძეს.
მოწვევის გარეშე ღონისძიებაზე მოვიდნენ წინა პრეზენტაციის ანტიგმირებიც -  “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და "წმ მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოების” წევრები და მათი მრავალი თანამოაზრე. მომხსენებლები უნდა ყოფილიყვნენ წიგნის ავტორები. თუმცა არც მომხსენებლებსა და არც პრეზენტაციის წამყვანს არ მიეცა საშუალება, აზრი გამოეთქვათ.
როგორც პრეზენტაციის ერთ-ერთმა დამსწრემ, მედეა შამუგიამ, გვიამბო, - “აქტიურობდნენ ის პირები, რომლებიც თავს ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს უწოდებდნენ. ისინი პირდაპირ შეტევაზე გადადიოდნენ მომხსენებლებზე და ფაქტობრივად არ აცდიდნენ ლაპარაკს. მათ აღშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ წიგნის ავტორები ეკლესიას სოფ. ივლიტაში მართლმადიდებლებს კი არა, კათოლიკეებს აკუთვნებდნენ. “ჭეშმარიტი მართლმადიდებლები” (მართლამადიდებელ მშობელთა კავშირი, დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება და მათი თანამოაზრეები) არც მსემენელბს აძლევდნენ აზრის გამოთქმის საშუალებას. მათში უკმაყოფილება გამოიწვია ბექა მინდიაშვილის, ია ხუბაშვილისა და სხვათა მოსაზრებებმაც. ფეხზე მდგომი ახალგაზრდა “მართლმადიდებლები” დამსწრეთა გასალახად იწევდნენ, სხვები, მათივე მეგობრები კი აკავებდნენ. იყო შეგრძნება, რომ ეს ნომერი კარგად ჰქონდათ დამუშავებული. პრეზენტაცია ჩხუბში, აურზაურსა და გნიასში გადაიზარდა. მომხდურნი ყველაფერს ვიდეოკამერით აფიქსირებდნენ, ისინი განაგრძობდნენ ყვირილსა და “რაზბორკებს”. თითოეული მათგანი ლანძღვა-გინებით გამოდიოდა, მათი ლექსიკა ასე გამოიყურებოდა: “უსირცხვილოებო, უნამუსოებო, სულგაყიდულებო, რამდენს გიხდიან, გაფუჭებულო ადამიანებო”. მსგავსი ისტერია კი სრულდებოდა სიტყვებით: “სიყვარულით გეუბნებით ამას, თორემ... “ მამაკაც მორწმუნეებს თან ახლდათ რამდენიმე “კეთილმორწმუნე მანდილოსანი”; მათ იოლად გამოარჩევდით გრძელი კაბებითა და თავზე 12-ჯერ შემოხვეული მანდილებით. ერთ-ერთი მიეჭრა მამა გაბრიელე ბრაგანტინის, რომელსაც მთელი პრეზენტაცია ხმა არ ამოუღია და უნამუსო, უსინდისო, სულგაყიდულოს ძახილის ფონზე ხმაურიანად დაუსვა შეკითხვა - რამდენი გადაგიხადეს ამ სიბინძურეშიო? პარალელურად წარმოადგინა ერთი ვეებერთელა პარკი საგაზეთო სტატიებისა, თან გაჰყვიროდა, კათოლიკეები ჯვარს ძაღლებსა და გეებს წერენო. თავის მართლება მოუწიათ ქართველ კათოლიკე მღვდლებსაც. “მართლმადიდებლები" მათ არიგებდნენ - "მიხეილ თამარაშვილი ნამდვილად წარწყდა და შენ რა მოგივაო”. იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები სომხებთან მიმართებაშიც.
ექსტრემისტებმა საბოლოოდ პრეზენტაცია ჩაშალეს და გამარჯვებულებმა დარბაზი ტაშით დატოვეს. თუმცა საქმეების გარჩევა დარბაზის მიღმაც გაგრძელდა”.
ნუგზარ პაპუაშვილი – ფილოლოგი, რელიგიის დამოუკიდებელი ექსპერტი:
ერთი სიტყვით, დანიშნული იყო პრეზენტაცია, დარბაზში აღმოჩნდნენ “წმ. დავით აღმაშენებლის საზოგადოებისა” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წარმომადგენლები, უფრო სწორად აქტივისტები, რომლებიც ხშირად ჩანან ტელეეკრანებზე და ვიცნობთ. შეიარაღებულნი იყვნენ აუდიო-ვიდეო აპარატურით, იწერდნენ, იღებდნენ, სხდომის მსვლელობაში უხეშადაც ერეოდნენ, რაც გამოიხატებოდა შეძახილებით, მათ შორის  კატეგორიული წინადადებებით მღვდელ გაბრიელის მიმართ. თუ არ გინდა ატარო ერეტიკოსის სახელი, აღიარე, რომ სულიწმინდა მხოლოდ მამისაგან გამოდის. თუ არ აღიარებ, შეეგუე, რომ ჩვენ გიწოდებთ ერეტიკოსს, მწვალებელსა და ეშმაკის მოციქულს. ყველა გამომსვლელს აწყვეტინებდნენ სიტყვას. ბოლოს მიკროფონი ჩაიგდეს ხელში და კათოლიკური ეკლესიის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. მაგალითად, ასეთი: -  ხიზაბავრელი კათოლიკეები წყალს არ აწოდებენ მეზობელი სოფლის მართლმადიდებელ მცხოვრებლებს. მოწოდება კი ასეთი იყო: ხალხო, ხედავთ ვინ არიან კათოლიკეები, წყალს არ დაგალევინებენ, წყალს! 
ბოლოს ადმინისტრაცია შეშინდა, რომ ცემა-ტყეპა არ გამართულიყო და პოლიცია გამოიძახა. დარბაზში შემოვიდა კიდეც ორი პოლიციელი.
ეს არის კერძო გამოვლინება იმ საერთო ტენდენციისა და სულისკვეთებისა, რამაც საქართველოში უკვე დიდი ხანია, რაც საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო, ეს ტენდენციები და განწყობილებები სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური ნაციონალიზმი, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი და უკულტურო მნიშვნელობით. საეკლესიო ენაზე იმ მოვლენებს, რომლებსაც საქართველოში ამჯერად აქვს ადგილი, თავისი სახელი აქვს, ესაა ფილეტიზმი, რაც ნიშნავს ერისა და ეკლესიის გაიგივებას. აქედან გამომდინარე ფილეტისტები ფიქრობენ, ვინც მართლმადიდებელი არ არის, ის საქართველოს მტერია, ლოგიკურია დასკვნა: არც კათოლიკეებს, არც პროტესტანტებსა და არც სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ცხადია, საქართველოში არაფერი ესაქმებათ, ამიტომ რაც მეტ ეკლესიას წაართმევ კათოლიკეებსა და რაც მეტად შეავიწროებ, მით უფრო დიდი პატრიოტი ხარ.
მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინი – კათოლიკური ეკლესია საქართველოში:
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ეს ადამიანები გვეჭრებიან პრეზენტაციაზე, პირველად ახალციხის უნივერსიტეტში შემოიჭრნენ. უნდა გითხრათ, რომ იქ უფრო მძიმედ განვითარდა მოვლენები, ვიდრე საჯაროში. ჩემი აზრით, დიალოგი აუცილებელია, მაგრამ დიალოგი მაშინ იმართება, როცა ადამიანები ერთმანეთს უსმენენ. მოსმენის გარეშე დიალოგი შეუძლებელი ხდება. ჩვენ შეგვიძლია გავცეთ ყველა კითხვას პასუხი დიალოგის რეჟიმში. მხოლოდ არც ახლაციხეში და არც თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში ჩვენ ამისათვის არ შევკრებილვართ. ცოტა უხერხულია წიგნის პრეზენტაციაზე მიხვიდე და თეოლოგიური კითხვები დასვა. მეკითხებოდნენ, მაგალითად, შენ შეგიძლია აღიარო, რომ სულიწმინდა მამისაგან გამოდისო? რა თქმა უმდა, შემიძლია გავცე კითხვაზე პასუხი, მაგრამ კითხვა შესაბამის გარემოში, შესაბამის ტონში და შესაბამის ადგილას უნდა დაისვას, ალბათ დამეთანხმებით.
თუმცა უნდა გითხრათ, რომ ისინი პასუხის მოსასმენად, საკამათოდ, მითუმეტეს, ღონისძიებაზე დასასწრებად არ მოდიან, არამედ საჩხუბრად. ისინი მოდიან სპეციალურად, რომ შეგვიშალონ ხელი და იქცევიან აგრესიულად. ივლიტის ეკლესია კი აინტერესებდათ, მხოლოდ არა ისტორიულ კონტექსტში, მაგრამ ძირითადად თეოლოგიური შეკითხვები ჰქონდათ. ხომ უნდა იცოდე, სად როგორი შეკითხვა დასვა და როგორ მოიქცე?! 


No comments:

Post a Comment