Sunday, June 5, 2011

ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით-დაპირისპირება ილიას უნივერსიტეტთან

           კაფე „ლიგამუსში“ ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობა“ პრეზენტაციით და ილიაუნიში სამლოცველოს გახსნის თაობაზე გიგი თევზაძის პოზიციით აღშფოთებულ მოქალაქეთა რაოდენობამ ძალიან მალე ე.წ. „დანარჩენების“ რიცხვს გადააჭარბა. ძალთა არათანაბარი განაწილების ფონზე აგრესიის ესკალაცია სწრაფად მოხდა. ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს რელიგიური ნიშნით გამოყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტი ქართველი მართლმადიდებლები არიან, მათგან განსხვავებულად მოაზროვნეთა მისამართით გინება დაიწყეს. ცოტა ხანში ცხადი გახდა, რომ მცირე პოლემიკაც ფიზიკური ანგარიშსწორების სახეს მიიღებდა. ასეც მოხდა: ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თეოლოგ ბექა მინდიაშვილს, რომელიც აქციის მონაწილეთა შორის იყო და სანამ ათეულობით აგრესიული მოქალაქე საცემად აედევნებოდა, ხელში ტრანსპარანტი ეჭირა წარწერით „არა ფაშიზმს“. ცემეს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშიაც, რომელსაც მანამდე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
          მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა: მომენტალურად ადგილიდან დაძრული ადამიანები შერჩეული მსხვერპლისკენ ერთბაშად მიექანებოდნენ და ცდილობდნენ, უმოწყალოდ დაერტყათ, გასწორებოდნენ მას.
           შეხლა–შემოხლას ესწრებოდა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, თუმცა დაპირისპირების განმავლობაში მათ არც ერთი დებოშიორი არ დაუკავებიათ. უფრო მეტიც, დაკავებით არავის დამუქრებიან. ნეტგაზეთი, პოლიციის ამგვარი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არალოგიკური საქციელის მიზეზით დაინტერესდა და საპარტულო პოლიციის ერთ–ერთ წარმომადგენელს კითხვით მიმართა. მისთვის უცნობი მედიის სახელწოდებით გაკვირვებული პოლიციელის პასუხი ნეტგაზეთის კითხვაზე ასეთი იყო: „მე ეგეთ გაზეთს არა ვცნობ. წადი რა, მიხედე საქმეს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ“. დაახლოებით ამავე ინფორმაციის შემცველი იყო ყველა სხვა საპატრულო და კრიმინალური პოლიციელის, ასევე უბნის ინსპექტორის პასუხიც.
           არაკომუნიკაბელური პოლიციის, აქციის მონაწილეთა და მათთან დაპირისპირებულ მოქალაქეთა გარდა ილიაუნისთან სამღვდელო პირებიც შეიკრიბნენ. მათგან ზოგი ამბობდა, რომ დაგვიანებით მოვიდა და ამ მიზეზით კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობდა. ერთ–ერთმა სამღვდელო პირმა უნივერსიტეტთან მოსვლის მიზეზი ასე ახსნა: „მამათმავლებს ვებრძვით, ამათ არ გავახარებთ, ამიტომაც მოვედით“. საკუთარი თავი კი ასე დაასახელა: „სინგაპურის საკრებულო. საბჭოთა კავშირის ერთ–ერთი დირექტორი“.
             მღვდლების გამოჩენას მათი თანამოაზრეები, რომლებსაც რამდენიმე ადამიანის ცემა უკვე მოესწროთ, სიხარულით ეგებებოდნენ და საპასუხოდაც იგივე კეთილგანწყობას იღებდნენ. რელიგიური ნიშნით გაერთიანებული ადამიანები ორივე მხარზე შუბლის მიდებით ესალმებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის იყო სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის თავჯდომარე შოთა აფხაიძე, რომელიც მთელი საღამოს მანძილზე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.
       მმკ–ს პოზიციას ილიაუნის სტუდენტების ნაწილიც იზიარებდა. თეატრალური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა მოწინააღმდეგეთა აქტიური დევნის შემდეგ, სამღვდელო პირების თანდასწრებით საქმისკენ მოუწოდა თანამოაზრეებს: „ხვალიდან გიგი თევზაძის წასვლის შესახებ ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ. ვინც თანახმა ხართ, ერთხმად თქვით კი! ვისაც გვინდა, რომ გიგი თევზაძე წავიდეს, ხელი ავწიოთ“!


    
წყარო

















No comments:

Post a Comment