Sunday, June 5, 2011

ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით

            7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ წიგნის  - „საიდუმლო სირობის“ შესახებ გამართული დებატები  ჩხუბში გადაიზარდა. „კავკასიის“ ჟურნალისტის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, გადაცემიდან პროტესტის ნიშნად გასულ უფლებადამცველს, ბექა მინდიაშვილს და კინომცოდნე თეო ხატიაშვილს გარეთ  „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ (მმკ) და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ (სმმ) წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებმაც მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შენობის გარეთ დაწყებულ ხმაურზე გადაცემაში მონაწილე პირებიც გარეთ გავიდნენ და ჩხუბში ჩაერთნენ.მოგვიანებით ხელჩართული ჩხუბი და აურზაური სტუდიაშიც გაგრძელდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელ დავით აქუბარდიასაც. მას კბილებიდან სისხლი სდიოდა. 
როგორც მმკ-ს წარმომადგენლები აცხადებენ, მათ გააპტოტესტეს ის ფაქტი, რომ გადაცემაში მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.  
          ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის თქმით, ინციდენტის დროს, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ყველას, „ვინც კი ტელეკომპანიის ეზოში იმყოფებოდა“. ნაცემები არიან ტელეკომპანიის ოპერატორები, ასევე, „კავკასიის“ ხელმძღვანელი დავით აქუბარდია. 
 ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გადაცემის წამყვანის, ნინო ჯანგირაშვილის ძმისშვილს, „კავკასიის“ ოპერატორ ლუკა ჯანგირაშვილსაც. ჩხუბის დროს პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა, მაგრამ როცა გაარკვიეს, რომ იგი ტელევიზიის თანამშრომელი იყო, აღარ დააკავეს. 
„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა წასვლის წინ ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ოპერატორ ზაზა შუკვანს.   
ცოტა ხანში ინციდენტის ადგილზე მივიდა მთავარი პროკურორის მოადგილე, გირშელ ძებნიაური, პროკურორი დავით ზვიადაძე და გამომძიებლები. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელიც ტელეკომპანიაში შესვლის საშუალებას არავის აძლევდა. მანამდე სტუდიაში შესვლა მოახერხეს პარტიების წარმომადგენებმა. 
     ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ 18 ადამიანი დააკავეს. თუმცა პოლიციის სამმართველოში მხოლოდ 8 მათგანი დატოვეს - ლევან ჩაჩუა, ავთო ზუმბაძე, ლევან ტურაშვილი, დავით შალამბერიძე, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ზვიად ბლიაძე. დანარჩენები კი დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს.

წყარო





       

No comments:

Post a Comment